მოტყუებული ინსულინდამოკიდებული ბავშვები - სოფო ჯაფარიძე "ოცნების" მორიგ დაპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან დიაბეტით დაავადებული ბავშვების მიმართ უყურადღებობასა და გულგრილობაზე ისაუბრა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოქალაქეებს, რომელთა შვილებსაც დიაბეტი (ტიპი 1) აქვთ და ინსულინდამოკიდებული არიან, დაპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით ბიუჯეტში თანხები გამოიყოფოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

საუბარია CGM სისტემაზე, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

"თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, თავიანთ მოსახლეობას ამ სისტემით. ისინი ამით არიან დაცული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ბავშვებისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის არის ფაქტობრივად გადამწყვეტი. აქედან გამომდინარე, დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ ეს ადამიანები. წინასაარჩევნოდ მათ დაპირდა სახელმწიფო, რომ აუცილებლად მათი შვილები იქნებოდნენ უზრუნველყოფილები, მაგრამ ორი დღის წინ გაიგეს, რო ეს ასე არ ყოფილა. ძალიან გთხოვ გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების და ამ ბავშვების ჯანმრთელობას. დღეს მგონი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია და არც უნდა იყოს", - თქვა სოფო ჯაფარიძემ,

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მშობლებმაც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაპირება ჯერ კიდევ 2020 წელს მისცათ, წელს კი უთხრეს, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემა მოგვარდება, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამინისტროში საკითხს არც კი განიხილავენ.

"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საგაზაფხულო ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ჩვენი პრობლემა იყო განხილული და 2020 წლის ბიუჯეტში იქნებოდა უკანტაქტო მონიტორინგის საკითხი შეტანილი. სამწუხაროდ, ორი დღის წინ გავიგეთ, რომ თემა საერთოდ აღარ იყო წინ წამოწეული. საქართველოში 1 200-მდე ბავშვია, რომელიც ინსულინდამოკიდებულია და საკმაოდ რთული ცხოვრება უწევთ გაიარონ. ყოველი კვების წინ მონიტორინგი, გაზომვა შაქრის დონის, შემდეგ კვება, ნემსის გაკეთება საკმაოდ რთულია. სახელმწიფოში, სადაც ატყუებენ ბავშვებს, არ ვიცი უბრალოდ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ძალიან დიდხანს დაგვიხვიეს ხელზე. იყო საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილად იქნებოდა ჩვენი თემა წინ წამოწეული, თუმცა საერთოდ უარი გვეთქვა განხილვაზეც კი", - თქვა მშობელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი