"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებს "არ ანადგურებს" და "არც ვინმეს პასუხისგებაში მიცემა უხარიათ".
ოხანაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სენტიმენტები არ აქვს და თვლის, რომ მისი პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა.
"ჩვენი მთავარი ღირებულება გახლავთ ყველა ადამიანს მიეზღოს სამართლიანად. მე სენტიმენტები არ მაქვს ამ მსჯავრდებულის მიმართ, ვინაიდან მან ათასობით და ათი ათასობით ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით, ეს არის სამარცხვინო შეფასება და შეურაცხყოფა", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნას გადასცემს, შეწყვიტოს შიმშილობა.
ამასთან, პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა იმართება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და საპყრობილედან მისი გათავისუფლების გზები იქნება.