ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსს ხარატიშვილების ოჯახი მუქარაში ადანაშაულებს. სოსო ხარატიშვილსა და მის მეუღლეს უკვე 3 დღეა ურეკავენ, ემუქრებიან, აგინებენ და ანგარიშსწორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ზარების ავტორი ეუბნებათ, რომ ლევან მაისურაძეა, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი.
ყველაფერი კი უწყინარი განცხადებით დაიწყო. ტყიბულში მცხოვრებმა ოჯახმა უძრავი ქონების ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე, დედაქალაქში არსებული ბინა გასაქირავებლად დადო. 13 იანვარს მათთან, ბინის დაქირავების მსურველმა დარეკა. იხსენებენ, რომ საუბარი დასრულებამდე შეწყდა. ოჯახში ამ დროისთვის უკვე მიცვალებული ჰყავდათ, ე.წ. კლიენტთან დაკავშირება აღარ უცდიათ. ხარატიშვილები „მთავარ არხს“ უყვებიან, რომ მუქარის ზარებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
მუქარისა და შეურაცხყოფის ავტორი რომ ძალოვანი იყო, ამაში მას შემდეგ დარწმუნდნენ, რაც მან ხარატიშვილების ოჯახზე ყველა ინფორმაცია მხოლოდ ტელეფონის ნომრის საშუალებით დაადგინა. სწორედ ამ ინფორმაციით აშანტაჟებდნენ ჭირისუფალს 3 დღის განმავლობაში.
ოჯახი შეშინებულია და დახმარებას „მთავარ არხს“ სთხოვს. სამმართველოში მისულ გადამღებ ჯგუფთან ლევან მაისურაძე თავდაპირველად არ გამოჩნდა, შემდეგ კი მომზადებული პასუხით მივიდა და კითხვის დასმის საშუალება არ მისცა ჟურნალისტს.
მაისურაძის თქმით, ყველაფერი ტყუილია, თუმცა როგორც კი საქმე მტკიცებულებებზე მიდგა, სამმართველოს უფროსმა უბრალოდ აღარ უპასუხა კითხვებს.
„მთავარმა არხმა“ ასევე გადაამოწმა ის ნომერი, საიდანაც ხარატიშვილების ოჯახს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. ნომერზე დარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ 40 წლამდე მამაკაცი „ქართული ოცნების“ წევრია. რატომ ემუქრებოდა ხარატიშვილების ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით და რა კავშირი აქვს მას ლევან მაისურაძესთან - ამ კითხვებზე საკმაოდ აგრესიული რესპოდენტისგან პასუხი „მთავარმა“ ვერ მიიღო.
ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც ლევან მაისურაძის სახელი და გვარი ფიგურირებს. ბოლოს მისი ბრძანებით 31 დეკემბრის ღამეს სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.
სკანდალური ბიოგრაფიის მქონე პოლიციის მაღალჩინოსანი უწყებაში თემურ მღებრიშვილის კადრად ითვლება. მღებრიშვილის წასვლისთანავე ლევან მაისურაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და ყოფილ მინისტრთან ერთად საგანგებო სიტუაციებში გადაინაცვლა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო მაისურაძეს 2019 წლიდან ჩააბარეს და მას შემდეგ მისი სახელი ძირითად პოლიტიკურ დაკავებებში ფიგურირებს.