
ფაქტია, რომ ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა და როგორც ჩანს, არჩევნებზე დასრულდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
რატი იონათამიშვილისთვის პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარება გაუგებარია. მისი შეფასებით, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიშის წარდგენისას საკმარისი ინფორმაცია უკვე გასცა.
რაც შეეხება ინტერპელაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი რომ შინაარსობრივად წარიმართება. მაგრამ საქართველოს პრემიერმინისტრი ისარგებლებს ამ შემთხვევითაც რასაკვირველია, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის არგუმენტს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი კახიანი. მისი თქმით, პრემიერმა ორი დღის წინ დეპუტატების კითხვებს უკვე უპასუხა.
რეალურად იგივე კითხვები, რაც უკვე დაისვა და რაზეც პრემიერმა ამომწურავი პასუხი გასცა, იგივე თემაზე მოუწევს პასუხების გაცემა. თუმცა ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია. ეს, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი, - ამბობს კახიანი.
პრემიერს ინტეროპელაციის წესით დეპუტატები 14:00 საათზე მოუსმენენ. გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.