გახარია ოპოზიციას კომპეტენციას უწუნებს

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კითხვაზე, რატომ არის ქვეყანაში სიღარიბე, გახარია პასუხობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში, საქართველოში სიღარიბე 10.5 %-ით შემცირდა. 

რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი, დღეს კი დაფიქსირებულია 19,5 პროცენტით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა ორჯერ, - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, კორონა პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში პენსიებიც გაიზარდა - ოცი ლარით, და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. 

რომან გოცირიძე გიორგი გახარიასგან დაინტერესდა რატომ არის ქვეყანაში სიღარიბე. 

საქართველოს მთავრობა არის მსოფლიოში ერთადერთი, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არც ერთი თეთრი ფინანსური დახმარება. ასეთი რამ არ მომხდარა არც ჩვენს სამეზობლოში და არსად. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირეთ, - მიმართა გოცირიძემ გახარიას.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენა ცოტა დაიწყო - გიორგი გახარიას დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი