
საქართველოს ეკონომიკური ზრდის შანსი, იმ "ქართულ-ჯიგრულმა" მიდგომამ შეჭამა, რომელსაც სინამდვილეში კორუფცია ჰქვია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სად წავიდა ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგხვდათ? ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი? საქართველოს მოქალაქეების მომავალი, ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ "ქართულ-ჯიგრულმა" მიდგომამ რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც სინამდვილეში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, - ამბობს სამადაშვილი.
მან გახარიას კორუფციის რამდენიმე მაგალითიც ჩამოუთვალა და ოთარ ფარცხალაძის მიერ კარანტინის წესების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმაც გაიხსენა.
400-დან 700 მილიონამდე აქვს კაცს წაღებული, რაც ჩვენ ვიცით სახლში და ცხრა ათასს თუ დააბრუნებს ბიუჯეტში, ნუ დაგვამადლით ძალიან გთხოვთ. სასაცილოა, მსგავსი მასშტაბის ხაზინის ქურდზე ისაუბროს პრემიერმინისრტმა. გავიხსენოთ სამტრედიის მაგისტრალის მშენებლობიდან გამქრალი 110 მილიონიც. რატომ პარავთ იცით ხალხს და რატომ იმეტებთ ასე თქვენ მოქალაქეებს?! - ცდილობთ ისეთი მმართველობა დაამკვიდროთ ამ ქვეყანაშიც, როგორიც თქვენს მეორე სამშობლო რუსეთშია, - მიმართავს სამადაშვილი გახარიას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.