ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
შს მინისტრის, ხატანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.
იხილეთ ასევე: