იყენებს თუ არა ახალ რუსულ ფორმატს დასავლეთთან ვაჭრობისთვის "ქართული ოცნება" - საუბარია 3+3 ფორმატზე საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის და რუსეთი-თურქეთი-ირანის მონაწილეობით.
ინიციატივა რომელიც დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ წამოწია, დავით ზალკალიანმა კი საქართველოსთვის ამ ძალიან სახიფათო პლატფორმაში მონაწილეობა არ გამორიცხა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციას და სხვა ეროვნულ ინტერესს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ წესით, ახლა დავით ზალკალიანს კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად სახიფათო განცხადება გააკეთა, როდესაც საზოგადოებას "ფიქრისთვის მიაწოდა პოზიცია", რომ საქართველოც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ "დიდ გეოპოლიტიკურ ფორმატში", რომელიც სრულად ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს და თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია.
"რეალურად ვდგავართ გზაგასაყარზე - ან მივდივართ ევროპისკენ, ან მივდივართ რუსეთისკენ. ქართულმა ოცნებამ აირჩია რუსეთი, ამის შესახებ უკვე დღეს ძალიან ღიად საუბრობს. რომ არ ეშინოდეთ საქართველოს მოსახლეობის, დღეს უკვე ევრაზიის კავშირის წევრიც ვიქნებოდით, არ არის გამორიცხული ესენგეშიც დავებრუნებინეთ. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი ქვეყნის გაყიდვა. ეს არის ის ღალატი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ... საქართველო ევროკავშირსა და ამერიკაში გახდა ტოქსიკური თემა. აღარავის არ სურს საქართველოზე საუბარი", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნინო მამულაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყებაში ამტკიცებენ, რომ დავით ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერდა და რეალურად, მან თქვა, რომ "არ განიხილავს ე.წ. '3+3 ფორმატში' მონაწილეობას რუსეთთან ერთად"
"შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მინისტრმა დაადასტურა აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა. გთავაზობთ მინისტრის ინტერვიუს ამონარიდს, სადაც დავით ზალკალინი აცხადებს, რომ: იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - ამბობენ საგარეო უწყებაში.