პოლიტიკური კორუფცია და ოლიგარქიული სისტემა - ოპოზიცია "ოცნების" შემოწირულობებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" შემომწირველების გააქტიურებას და პარტიის ბიუჯეტში ბოლო სამ თვეში ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის გადარიცხავას, ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ მხოლოდ იმ ბიზნესს ეხმარება, რომელიც შემდგომ მათ პოლიტიკურ საქმიანობას დააფინანსებს. "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ეს არის კორუფცია ბიუჯეტის გაფლანგვის ხარჯზე.

როდესაც ვხედავთ, თუ ვინ არის მმართველი პარტიის შემომწირველი, უმეტესი მათგანი არიან ადამიანები, რომლებიც შემდგომ ბიუჯეტის ხარჯზე იღებენ სახელმწიფო შესყიდვებიდან ასეულობით მილიონი ლარის დაკვეთას ან შეღავათიანი პირობებით იღებენ სახელმწიფო ქონებას. რეალურად, სახეზე გვაქვს პოლიტიკური კორუფცია, საბიუჯეტო მფლანგველობა და თანხის მცირე ნაწილი შემდგომ ბრუნდება „ოცნებაში“ მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ ცადონ ამომრჩევლის მოსყიდვა, მოტყუება,“ - განაცხადა აბესაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შემომწირველებისა და "ოცნების" თანამშრომლობით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო კორონაპანდემის დროსაც კომპანიებს შერჩევით ეხმარება.

ეს არის სწორედ ოლიგარქიული მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყანაში არის დაფუძნებული, სადაც პოლიტიკური მმართველი ელიტა და ბიზნეს ელიტა ერთმანეთზე არის გადაბმული საკუთარი ინტერესებით და ამით ზარალდება მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლის ხარჯზეც სწორედ ხდება მსგავსი გარიგებები, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" სამ თვეში ორ მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. მონაცემებს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავენ და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას ეხმარებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი