
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.
"აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მოხდეს დაზარალებული პირებისათვის სათანადო სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საგამოძიებო უწყებებმა აწარმოონ სწრაფი, ეფექტიანი და დროული გამოძიება.
სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სამშენებლო სფეროში დერეგულაციის/სუსტი ზედამხედველობის პოლიტიკის ცვლილებისა და სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება.
საია მზადაა, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს",- ნათქვამია განცხადებაში.
დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარებას სთავაზობს კიდევ ერთი არასამთავრობო- "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
"ბათუმის ტრაგედია სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს
სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება.
ჩვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით.
მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძლველზე გაიცემა. მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუტეც
გამოვხატავთ მზადყოფნას დაზარალებულ ოჯახებს გავუწიოთ სამართლებრივი მხარდაჭერა.",- წერია განცხადებაში
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი.
ამ დროისთვის, ნანგრევებში ჯამში 7 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 3 ბავშვია, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ადამიანი დააკავა.