
თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" გჭირდებათ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მმართველ გუნდს მიმართა. ინაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციური პარტია არჩევნების წინ, საკუთარი მანკიერებების დასაჩრდილად სჭირდება, თუმცა მათ ეს არ გამოსდით.
"ნაციონალური მოძრაობა" გჭირდებათ, რომ მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩნდეთ უკეთესები. ვერ ჩანხართ ეს უკეთესები და არ ჩანხართ, არ გამოიყურებით უკეთესად. იმიტომ რომ ბევრ საკითხში ზუსტად ის გზა აირჩიეთ რა გზაზეც ისინი იდგნენ. ეს არის სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლე არ გსიამოვნებთ, - ამბობს ინაშვილი.
საპარამენტო უმრავლესობისა და ხელისუფლების წარმომადგენლება მან ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემის გამოჩენისკენაც მოუწოდა და სთხოვა, ბოლო დროს გამოყენებული ტერმინოლოგია, რომელსაც ძირითადად ოპოზიციის მისამართით ამბობენ, შეცვალონ.
ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად - ასეთი აზროვნება ყველაზე დიდი გოიმობაა, - აცხადებს ინაშვილი.
ირმა ინაშვილი სიტყვით პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა. დეპუტატები, ამ წუთებში, კითხვებს პრემიერ გიორგი გახარიას უსვამენ. შეგახსენებთ, რომ პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. გახარია კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.