"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისში მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ 14 ოქტომბერს 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მასშტაბური აქცია დააანონსა.
როგორც ნიკა მელიამ თქვა, აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
განცხადება ნიკა მელიამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა პროტესტს შეუერთდნენ - "ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით",-თქვა მან.
"ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ თბილისში 14 ოქტომბერს 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ.
ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ვისაც გინდა ჩასვამ დაიჭერ და შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ",-თქვა ნიკა მელიამ.
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები მსვლელობით საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია და თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია.
აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და ამაზე სწორედ მირანდა მესხია პასუხისმგებელი.