
პოლიტიკური უსინდისობის ორი მაგალითი, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
გიორგი გახარიას დეპუტატები ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერი და მთავრობა ქვეყანაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას 2012 წელს ადარებენ, რაც არასწორია. დეპუტატის თქმით, ყურადღება სიღარიბის აღმოფხვრის ტემპზე უნდა გამახვილდეს.
მინიმუმ ორი პოლიტიკური უსინდისობის მაგალითია ის, რაც მაგიდაზე დამხვდა. პირველი, 2012-ს რომ ვიღებთ ათვლის წერტილად, ავიღოთ 98 ათვლის წერტილად ან 95 წელი, როდესაც თქვენ მოსკოვში მოღვაწეობდით, ბატონო გიორგი, და ვნახოთ, რამდენი იყო სიღარიბე და როგორ მოდიოდა ის თანდათან ქვემოთ. კი, 2012 ქვეყანა იყო ღარიბი და ბავშვებიც იყვნენ უკიდურესს სიღარიბეში. მაგრამ ტემპი, რა იყო ამ სიღარიბის შემცირების, ეს არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა განმარტოს, რას აკეთებდნენ სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით კორონავირუსის პანდემიამდე.
„უსინდისობის მაგალითია, როდესაც თქვენ იმის ნაცვლად, რომ ხალხს უთხრათ, დღეს რა პრობლემებიც არის, როგორ უნდა გადაიჭრას, ისევ გადადიხართ პოლიტიკურ დისკუსიაში, რა იყო 2012-ში და რა არის დღეს, ეს არ სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, მათ სჭირდებათ ახსნა, როდესაც 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების მესამედს არ აქვს საკმარისი საკვები, კორონაკრიზისამდე, რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ რვა წლის განმავლობაში, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, კორონაკრიზისის დროს მთავრობას არ უსაუბრია იმ აუცილებელ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებიც ბავშვებს სჭირდებათ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა კორონავირუსთან ბრძოლითვის აუცილებელ კრიტერიუმზე - ჰიგიენური ნორმების დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაერთი დასკვნა აჩვენებს, რომ სკოლებში სანიტარული მდგომარეობა სავალალოა. მას აინტერესებს, სასწავლო დაწესებულებებში რამდენი სანიტარული კვანძი მოეწყო.