
„უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზა არის გადასახადების დაწევა“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერს მიმართა.
ბოკერიამ მთავრობა მაღალი გადასახადების დაწესების გამო გააკრიტიკა. გიგა ბოკერიამ პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის მიერ საგადასახადო ტვირთან დაკავშირებით პარლამენტში გახმოვანებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება.
გიგა ბოკერიამ მთავრობას მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ასეთი გასაჭირი, რომ დაატყდა ქვეყანას, ყველას, თქვენ გამო არა, ეპიდემიის გამო, თქვენ მერე დაამატეთ მავნებლური ნაბიჯები, როცა გაუაზრებლად დახურეთ ეკონომიკა და დააგვიანეთ გახსნა და ახლა გადასახადებს არ ამცირებთ. არ უნდა შეუმსუბუქოთ ტვირთი ხალხს? რატომ არ გინდათ, რომ შეუმსუბუქოთ, რომ მეტი ფული დაუტოვოთ?.. დაფიცებული გაქვთ ხატზე, მგონი, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, რომ თქვენზე უკეთ ჩვენ დავხარჯავთ ფულს, ასეთ გასაჭირშიც კი, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ ეს ფული ახლა უნდა გამოიყენოს.