
"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით. მაშინ ძალა გქონდათ ხელში, სადიზმის რამხელა დიაპაზონი იყო, რამდენი ადამიანი დაზარალდა ამით და ახლა სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ? - ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბავშვები დღეს უკიდურეს სიღარიბეში იმყოფებიან. ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ცხრა წლის განმავლობაში მათ საკუთარი თავის გარდა, არავიზე უზრუნვიათ.
"სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ საერთოდ? თანხებს რატომ არ აძლევთო და ვისთვის რა თანხა გაქვთ ოდესმე მიცემული, განსაკუთრებით 2008 წელს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს გვიმტკიცებდით, რომ რუსეთი შეტევაზე არ არის გადმოსულიო და აგრესიას ეგ არ ახორციელებსო.. პიროვნულად არასდროს მომიხსენებია ოპოზიციიდან არავინ. გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და თქვა, რომ ჩვენ თურმე ჩვენი მხარდაჭერების სიებს ვადგენთ, რომ მათ დავურიგოთ პროდუქცია. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზნეობაა და უზნეობას პასუხი სჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივიდა. გახარია კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.