თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მაკო გომურს თვალი დააკარგინა - ნადირაშვილი გახარიას

გამოქვეყნდა:

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოგებული ტენდერები და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის, ასევე მათთან დაახლოებული პირების კუთვნილი კომპანიებისთვის გადაცემული მილიონები, - ამ თემით დაინტერესდა პრემიერმინისტრისგან "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილმა გიორგი გახარიას  კონკრეტული მაგალითები მოუყვანა, როგორ იგებენ სახელმწიფო ტენდერებს გორის მაჟორიტარის, ასევე ახალციხის, სიღნაღის, ახალქალაქის მაჟორიტარისა და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან და მათ ოჯახებთან დაკავშირებული კომპანიები. ნადირაშვილის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევით, მოგებული ტენდერებიდან ამ პირებმა სახელმწიფოსგან მილიონები მიიღეს.

ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახრაიას მისივე განცხადება - "ქართულ-ჯიგრულ პონტში" შეახსენა და განაცხადა, რომ ამით მთავრობის მეთაურმა კორუფცია წაახალისა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა წინა პრემიერების მაგალითებიც მოიყვანა.

მახსენდება თქვენი სახელოვანი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გვუბნებოდა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. მახსენდება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და ჯობია ნაცნობი აიყვანო ვიდრე კონკურსი გამართო. ეს არის რაც ხართ. ეს არის მენტალიტეტი რაც გახასიათებთ და აზიანებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, - მიმართა ნადირაშვილმა გახარიას

გარდა ამისა, "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, პრემიერმინისტრმა დღეს საკნონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფა მიაყენა. ნადირაშვილმა გახარიას გავრილოვის ღამე შეახსენა და აღნიშნა, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც მასტერკლასებს ჩაატარებს.

შეურაცხყოფა მიაყენეთ პარლამენტს, ოპოზიციას, როდესაც თქვით, რომ ჩვენი დრო არ გაქვთ. შემიძლია ვივარაუდო, რომ კოლექტიურმა კოკა ყანდიაშვილებმა, ბოტებმა, გითხრეს, რომ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარეთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ყოველთვის როცა ასეთ ხელოვნურ სტატუსებს შემოგიტანენ, ჯობია გაიხსენოთ გავრილოვის ღამე. თქვენ არა ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებს, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მაკო გომურს თვალი დააკარგინა, - მიმართა ნადირაშვილმა გახარიას.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დეპუტატებმა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მასთან ძირითადი კითხვები ოპონენტებს ქვეყანაში კორონაკრიზისის შედეგად გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი