
ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ გორის რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ბრიტანელი მუსიკოსი წყალში არ გადაუგდიათ და ის გაქცევისას მდინარეში თავად ჩავარდა.
"48 საათში სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ ამ განჩინებას. ბრალდებულებმა თავისი პოზიცია გააჟღერეს გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ იყო სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ემსჯელა პატიმრობასთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა.
გორის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან ოთხს ბრალად განზრახ მკვლელობა და ძარცვა ედებათ, ხოლო ერთს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.
თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.