გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დაკავებულებიდან ოთხს განზრახ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან ერთად, ძარცვას ედავებიან, ხოლო ერთს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. პროცესზე მათ თქვეს, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ თვლიან.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, მოსამართლემ სასამართლო სხდომა დახურა. პროცესზე დასწრების საშუალება მხოლოდ არასრულწლოვნის დედას მიეცა, რომლის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციელებმა დაკავებულებზე თავდაპირველად ფიზიკურად იძალადეს და ამ მეთოდით აღიარებითი ჩვენებები მოიპოვეს.
გარდა ამისა, ბრალდებულები ამტკიცებენ, ბრიტანელი მუსიკოსი წყალში არ გადაუგდიათ და ის გაქცევისას მდინარეში თავად ჩავარდა, რა დროსაც მობილური და საკრედიტო ბარათი მდინარის პირას დაუვარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.
თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
ამავე თემაზე: