არასამთავრობო ორგანიზაციები მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება, სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
"აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს. [...] ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას", - წერია განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობოები ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება.
განცხადებას ხელს აწერენ: