ირაკლი შოთაძის ახალი სახლი პრესტიჟულ უბანში - პროკურორს მიწის ნაკვეთი დედამ აჩუქა

გამოქვეყნდა:

პრესტიჟულ უბანში, საიდანაც თბილისი ხელის გულზე ჩანს, მალე საცხოვრებელ სახლს საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აიშენებს. 

ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე მან მერიაში განაცხადო 2019 წელს შეიტანა და თანხმობა 2020 წლის იანვარში მიიღო. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორიაზე ბანერიც იდგა, წარწერით - დამკვეთი - ირაკლი შოთაძე - მაგრამ დღეს ეს კვალი გამქრალია. ტერიტორია, სადაც გენპროკურორი სახლს აიშენებს, თავის დროზე საჩურად დედისგან მიიღო.

ირაკლი შოთაძე სახლს ირაკლი სესიაშვილის ფეშენებელური ვილის მიმდებარედ აიშენებს, მაგრამ ჯერ ცნობილი არაა, ექნება თუ არა მის სახლს აუზი - აუზი წყლით. 

ირაკლი შოთაძეს უკვე შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია. პროკურორსა და მის ოჯახს 100 ათასი დოლარით საცხოვრებელი სახლი აქვთ შეძენილი ცაგარელზე, ამავე მისამართზე ცოტა ხნის წინ შეიძინეს სამი ავტოფარეხი.

გარდა ოფიციალურად რეგისტრირებული ქონებისა, შოთაძის მეუღლეს, ნინო გოტიაშვილს სხვადასხვა დროს ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს ჩუქნიან. ირაკლი შოთაძეს კი მამამ, ჯემალ შოთაძემ, 25 ათასი აშშ დოლარი აჩუქა.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ჯემალ შოთაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროს სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და 2002 წელს კომპანიის საკონტროლო პაკეტს ფლობდა, 2013 წელს კი სრულიად უსასყიდლოდ მან კომპანიაში წილები დათმო და ამის შემდეგ, მისი ბიზნესპარტნიორები გიორგი მირუაშვილი და გია დევდარიანი "ქართული ოცნების" შემომწირველებად გვევლინებიან. მმართველ პარტიას მათ 120 ათასი ლარი შესწირეს. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ როგორც ირაკლი შოთაძის, ისე "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების ქონება შესასწავლი და გამოსაძიებელია.

"მთავარ არხს" მთავარი პროკურატურიდან პასუხობენ, რომ ირაკლი შოთაძის სახელფასო შემოსავალი და საბანკო სესხი სრულიად საკმარისია მისსა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებული ქონების შესაძენად.

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ოჯახმა დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი შეიძინა 2012 წლის 11 ივნისს. აღნიშნული ნაკვეთი შეძენილია კერძო პირისგან 17 000 აშშ დოლარად, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით. 2012 წლის ივნისში, კერძოდ, მიწის ნაკვეთის შეძენის დროს, ირაკლი შოთაძე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ირაკლი შოთაძის ოჯახმა 2012 წელს აღნიშნული მიწის ნაკეთი შეიძინა ოჯახის დანაზოგით და საბანკო სესხით, რაც ასევე დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. რაც შეეხება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობას, ამ ეტაპზე არ არსებობს მშენებლობის ნებართვა და პროექტი. 2019 წლის 30 დეკემბერს გაცემული დოკუმენტით მხოლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები დადგინდა. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურორის ნებისმიერი აქტივობა იყო და არის საჯარო და ასახულია მის მიერ შევსებულ საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოგზავნილ წერილში. 

საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის, როგორი იქნება გენერალური პროკურორის სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი