ბათუმის ბულვარის ნაწილი 15 წლით გასხვისდა - ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაური ბათუმის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის ქონების მართვის სამსახურმა საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად ცენტრალური ბულვარის ტერიტორიის 15 წლით გასხვისების შესახებ პროექტი წარადგინა.

საკრებულოს უმრავლესობამ ისე დაუჭირა მხარი კომპანიისთვის მიწის გადაცემას, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა პროექტს ამტკიცებდნენ.

საკრებულოს სხდომაზევე გაირკვა, რომ მიწაზე, რომელიც კომპანიას განკარგვის 15 წლიანი უფლებით გადასცეს, ორსართულიანი შენობა უკვე იდგა - ხელისუფლება "ქართული ოცნების" წევრმა ამხილა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბულვარის გასხვისებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა მაშინ მიიღო, როცა მოქალაქეები კოვიდ პანდემიის შიშით, სახლში ისხდნენ. 

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანიის მფლობელებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ. მათი მტკიცებით, "ამბასადორის" მფლობელები, ცენტრალური ბულვარის განკარგვის უფლების მიღების შემდეგ იქ მაღალსართულიანი შენობებისა და სამორინეს მშენებლობის უფლებასაც მიიღებენ. ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. 

სხდომაზე ვითარების დაძაბვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქის მერმა პოლიტიკური დავალება მისცა და "ამბასადორის" საკითხის დღესვე გადაწყვეტა მოსთხოვა. ადგილობრივმა მედიამ მერის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება ექსკლუზიურად გადაიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, კომპანია პროექტში 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას დებს, პროექტი ფინანსურად მნიშვნელოვანია და ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ხელისუფლება ცენტრალურ ბულვარს ასხვისებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, რატომ ასხვისებენ ბათუმის ბულვარის ნაწილს მაშინ, როდესაც 2020 წლის ოქტომბერში ხელისუფლება ბულვარის განაშენიანების გენგეგმას ელოდება და ამისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გადახდილი. ოპოზიცია დღეს სწორედ ამას ითხოვდა, განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველა პროექტის დამტკიცება შეჩერებულიყო.

ამ დროისათვის ბათუმის ცენტრალურ ბულვარში "ამბასადორი" უკვე ფლობს 1200 კვ მეტრ მიწას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიდევ 341 კვ მეტრი ფართობის განკარგვის უფლება მიიღო.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიისთვის მიწების გადაცემა კანონის სრული დაცვით მოხდა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ვარაუდობეს, რომ მომავალში 341 კვ მეტრი ფართობს ბულვარის ტერიტორიიდან ამოიღებენ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს მოუხსნიან და ამის შემდეგ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის მშენებლობა მარტივად შესაძლებელი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი