გედევან ფოფხაძის პოლიტიკური გეგმები - დეპუტატი "პატრიოტებთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

რატომ გგონიათ, რომ ბიძინა გეგიძეს ნაკლები პოლიტიკური რესურსი აქვს ვიდრე "გირჩს", რატომ გგონიათ ეს? - ამის შესახებ მმართველი პარტიიდან დემარშით წამოსულმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

ვისთან ითანამშრომლებს გედევან ფოფხაძე 2020 წლის არჩევნებამდე? - საკუთარ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას, ფოფხაძემ სწორედ ბიძინა გეგიძე გამოყო და განაცხადა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს "ოცნებიდან" წამოსულ დამოუკიდებელ დეპუტატებთან გრძნობს და მათთან საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვს. ამბობს იმასაც, რომ დავით ჭიჭინაძე და კახა კუკავა მისი მეგობრები არიან და არც მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

ფოფხაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობა ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთანაა შესაძლებელი, ვინც მთავარ პრინციპზე - ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებიდან გაშვებაზე შეთანხმდება.

თუმცა, გამორიცხავს თანამშრომლობას "ქართულ ოცნებასთან", "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელთანაც "ევროპულ საქართველოსაც" აიგივებს და საკუთარ თავს ვერც ამ პარტიასთან ხედავს. ფოფხაძეს არც "ლეიბორისტულ პარტიასთან", "ლელოსთან" და ირაკლი ოქრუაშვილთან პარტნიორობა სურს.

დამოუკიდებელი დეპუტატი "გირჩთან" დაკავშირებითაც საუბრობს - ამბობს, რომ არც ამ პარტიასთან თანამშრომლობა სურს - "მათთან იდეოლოგიური წინააღმდეგობა მაქვს, რაც გამორიცხავს მართლმადიდებელი ადამიანის "გირჩთან" ურთიერთობას".

გედევან ფოფხაძე მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსთან" ურთიერთობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ პარტიის წევრებთან ისეთი ურთიერთობა არ აქვს, რომ მათთან თანამშრომლობაზე ისაუბროს. კითხვაზე, რა საერთო ღირებულებები აქვთ მას და პარტიას, ფოფხაძე ამბობს, რომ "პრინციპში ბევრი არაფერი, გარდა იმისა, რომ მე და ირმა ინაშვილი, ორივე ბორჯომელები ვართ".

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ "ქართული ოცნება" 2019 წლის თებერვალში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი