ოქროს საბადოები გურიაში - ოლიგარქი ზოტის მთებს მიადგა

გამოქვეყნდა:

ახლა გურიის ჯერიც დადგა - ჰესებს ააშენებენ, მერე მთებს ააფეთქებენ, გვირაბებს გათხრიან და ბევრ ოქროს გამოიტანენ. სიმდიდრე რომ საქართველოს ასაღორძინებლად უნდოდეთ, გურულები თავს დაუხრიდნენ, კარგიო ეტყოდნენ, მაგრამ აქაური და არამარტო აქაური ხალხი ხვდება, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ არ კეთდება. დარწმუნებულები არიან, რომ ამ ოქროსაც ჯიბეში ჩაიდებენ და გურიას ყველაზე დიდ - ბუნებრივ სიმდიდერეს წაართმევენ. 

გურიის მთებში ბევრი ოქროა, იქ მცხოვრებლებმა ეს იციან და ისიც ნანახი აქვთ, რომ გეოლოგები 60-იანი წლებიდან დადიოდნენ, გვირაბებს თხრიდნენ და სინჯებს იღებდნენ. ასეთი გვირაბი ზოტის მთებში ათობითაა. "მთავარმა არხმა" რამდენიმე მათგანი გადაიღო და ადგილობრივი ნუგზარ ბერიძისგან ისიც გაიგო, რომ ბოლოს აქ გეოლოგები სინჯების ასაღებად ერთი წლის წინ იყვნენ. ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ღამით ტომრებში მიწა ჩაყარეს და წაიღეს. წითელი საღებავით მონიშნეს ყველა ის ადგილი, სადაც  მომავალში, სავარაუდოდ, დიდი გვირაბების თხრას დაიწყებენ. 

ზოტის მთებში პირველად ოქრო სამოციან წლებში აღმოაჩინეს. რუსეთიდან ჩამოსულ გეოლოგს მიწის თხრასა და სინჯების გაკეთებაში ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 72 წლის თეიმურაზ ვანაძეს, რომელიც  მაშინ დაახლოებით 10 წლის იყო, ახსოვს როდის და როგორ ნახეს პირველად ოქროს შვიდი ბურთი და რა თქვა გეოლოგმა ზებედემ, რომელიც გურიაში საბჭოთა კავშირის მმართველებმა გამოაგზავნეს. 

გურიის მთების რუკა, რომელზეც ოქროს საბადოების ადგილებია მონიშნული, საბჭოთა კავშირის დაცულ ადგილას ინახებოდა და ალბათ ახლაც იქაა. 60-იან წლებშივე რეჟიმის ხელმძღვანელობამ სამუშაოები იმ მიზნით გააჩერა, რომ როცა დასჭირდებოდათ ისევ განაახლებდნენ.. და განახლების დრო ახლა, 2020 წელს დადგა, არა საბჭოთა კავშირის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

ზოფელ ზოტში ოქროს გამოვლინებისა და შესწავლა-მოპოვების 40-წლიან ლიცენზიას ოფშორში რეგისტრირებული კომპანია "ლიდიან ინტერნეიშენალი" ფლობს. ამ კომპანიას სამუშაოები ოქროს მოპოვების მიზნით სომხეთში უკვე დაწყებული აქვს და დიდ სკანდალშიც არის გახვეული. მსოფლიოში გავლენიანი ყველა ორგანიზაცია ამ კომპანიას არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსების განადგურების, არამედ ადამიანის უფლებების შელახვის გამო აკრიტიკებს. საქართველოში კი მისმა შვილობილმა კომპანიამ "ჯორჯიან რესორს ენერჯიმ" 2011 წლიდან დაიწყო შესწავლითი სამუშაოები გურიის მთებში. გასაკვირი არ არის, რომ ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მისი ნდობით აღჭურვილი პირი, გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე სწორედ ის ადამიანია, ვინც კომპანიის წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევს და ფაქტია რომ ის მმართველის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს. 

ახლა უკვე რეალური გეგმაც არსებობს, როგორ უნდა გააჩერონ მდინარეები, რომ ნიადაგი ნესტიანი არ იყოს, მიწის თხრა და ოქროს გამოტანა კი რეალური და უფრო უსაფრთხო გახდეს. სოფელ ზოტში ამისთვის სამი ჰესი შენდება. უკვე არსებობს იმ ჰესის პროექტიც, რომელიც სურები-ზოტის მთებში აშენდება და რომელიც ოქროს საბადოებთან ჩამავალ მდინარე სუფსას მილებში მოაქცევს. 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰესს უკონკურენტო და ივანიშვილის ფავორიტი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი აშენებს. "სუფსა ენერჯის" დირექტორთა საბჭოს წევრი და გადაწყვეტილებების მიმღებიც სწორედ ლაშა იორდანიშვილია. "სუფსა ენერჯის" წილის მფლობელები კი კომპანია "ანაგი" და ასევე იორდანიშვილების კუთვნილი კიდევ ერთი კოპნანია "ფერია".  

გურულებისთვის რა არის კარგი, ალბათ თავად უკეთ იციან. თუმცა იორდანიშვილიდან დაწყებული, ზოტის გამგებლით დასრულებული ადგილობრივებს ყველა იმას აჯერებს, რომ ეკოლოგიის განადგურება ოქროს მოპოვებისთვის არც ისე ცუდია. უმტკიცებენ, რომ მათ არაფერი იციან და ეუბნებიან რომ ტელევიზიასთან ხმამაღლა აღარ ისაუბრონ. ამ ყველაფრის შემსწრე სოფელ ზოტში თავად "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი გახდა.

ოლიგარქი ივანიშვილი რომ ოქროთია დაინტერესებული, ეს ფაქტია. ყველას ახსოვს საყდრისი, ყველამ იცის, რა ხდება რაჭაში და უკვე გადაწყვეტილია გურიის ამბავიც. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს ერთი კაცი ისაკუთრებს და სოლოლაკის სასახლის სარდაფში ასაწყობებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი