ივანიშვილის მეორედ მოსვლა თებერვალში იგეგმება - ოლიგარქი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს და თითქმის, ყველა ყოფილ პრემიერს უკან აბრუნებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად - მეორედ მოსვლა თებერვალში გაფორმდება. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტს გიორგი გახარიასგან გადაიბარებს.

უკვე ყოფილ პრემიერს კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვას ჩააბარებენ. პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის არჩევნებისთვის მინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთ ყოფილ პრემიერ დააბრუნებს, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს მამუკა ბახტაძეს ჩააბარებს, დავით ზალკალიანს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად უშვებენ.

მოქმედი ელჩი დავით ბაქრაძე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს, ქეთევან ციხელაშვილი კი დიპლომატიაში გადაინაცვლებს და ის ავსტრიაში საქართველოს ელჩი გახდება.

ბიძინა ივანიშვილი ძალოვანი უწყებებიდან მხოლოდ თეა წულუკიანის შეცვლას გეგმავს. „ოცნების“ შეუცვლელი მინისტრის სტატუსს თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, მალე დაემშვიდობება და ის 2020 წელს საპარლამენტო სიაში იქნება. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წულუკიანს კახა კახიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობს.

თუ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო კარუსელს ასე დაატრიალებს, მაშინ გიორგი კვირიკაშვილის გარდა „ოცნების“ ყველა ყოფილი პრემიერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მინისტრთა კაბინეტში იქნება წარმოდგენილი. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილისთვის პრემიერად მეორედ მოსვლა თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იქნება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი სწორედ გაპრემიერებით შეეცდება 2020 წელს ძალაუფლება შეინარჩუნოს. ივანიშვილს ახლა არჩევანის გაკეთება ორმაგი მოქალაქეობის დათმობაზეც მოუწევს. თუ მას მთავრობის მეთაურობა სურს, საფრანგეთის მოქალაქეობა უარი უნდა თქვას. 

ივანიშვილის მეორედ მოსვლას არ ადასტურებენ უმრავლესობაში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ პარტიის ლიდერს კონსულტაციები გუნდში ხელახლა მის გაპრემიერებაზე არ ჰქონია. განაცხადს კი ივანიშვილის დაბრუნებაზე მხოლოდ ოპოზიციის მოგონილ ჭორს უწოდებენ. 

ახალი სამთავრობო კარუსელი, სავარაუდოდ, თებერვალში დატრიალდება. ბიძინა ივანიშვილს გაპრემიერებისთვის უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი