გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ "მთავარ არხს" ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა აცნობა, თუმცა მან არ იცის, ვინ არიან გარდაცვლილები - პატიმრები თუ ციხის პერსონალი.

"მთავარი არხი" ამ დრომდე ცდილობს დეტალების გარკვევას პენიტენციურ სამსახურში, თუმცა უწყებას ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"ერთ-ერთი პატიმრის ახლობელმა განმიცხადა, რომ ამ პატიმარმა მასთან დარეკვა მოახერხა და უთხრა, რომ თავად კარგად გრძნობდა თავს, ცოცხალია, თუმცა სამწუხაროდ დაღუპულია ორი ადამიანი. უცნობია ესენი არიან პატიმრები, თანამშრომლები თუ რომელიმე სხვა უწყების პირები", - თქვა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აქვთ პატიმრების ოჯახის წევრებსაც, თუმცა დაზუსტებით, მათაც არაფერი იციან.

"გავიგე, რომ არის ორი ადამიანი, მაგრამ დაზუსტებით არ იციან და არც ინფორმაცია გამიგია. ცხელ ხაზზე არაფერი მითხრეს, არც გადამამისამართეს მე-17 დაწესებულებაში. ველოდები მამას, რომ დამირეკოს, გავიგო რა მდგომარეობაა. არ გამოვრიცხავ, ამ დაკვამლიანებისგან პატიმრებს მიეღოთ ჯანმრთელობის მხრივ გაუარესება, ქრონიკულად დაავადებულებს მით უმეტეს", - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის შვილი.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. პენიტენციურმა სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. დამატებით დეტალებზე უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი