სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას ასაჯაროებს.
ამასთან, უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხანძრის შედეგად პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც დაშავდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია "ილი ჯგუფის" (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.
ამავე თემაზე: