ოკუპაციის ახალი ნიშნულები პერევის მიმართულებით - ე.წ. საოკუპაციო საზღვართან, ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე, ოკუპანტები, ასობით ჰექტრის მიწის მისატაცებლად ემზადებიან.
„მთავარმა არხმა“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამზადებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ტერიტორიას, სადაც მალე მავთულხლართებს გაავლებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის დავით ქაცარავას განცხადებით, მონიშვნები ჩორჩანადან უკვე პერევის მიმართულებით გადადის. მისივე ინფორმაციით, ტყეში ოკუპანტებს სპეციალური ხაფანგებიც აქვთ დაგებული.
ვიმყოფებოდით ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც უკვე, სავარაუდოდ, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია აღარაა. დღეს უკვე ახალი ნიშნულებიც ვიპოვეთ, რომელიც პერევის მიმართულებით მიემართება. შეიძლება ითქვას, რომ სველ კვალზე მივყევით ოკუპანტებს. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ვიპოვეთ სპეციალური ხაფანგი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ ვინმე უცხო პირი თუ გაივლიდა ამ მონაკვეთზე, - ამბობს ქაცარავა.
მსგავსი ნიშნულები, ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ, სოფელ წნელისთან გაავლეს, სადაც მოგვიანებით, რუსული საგუშაგო გახსნეს, ახლა კი ოკუპანტების დროშა ფრიალებს.
რუსულ ანექსიას კი საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილით ხვდება.