ხიზანიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - გლდანის ცენტრალური ქუჩა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გადათხარეს, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება.
ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, ხიზანიშვილზეც საკანალიზაციო ჭების დამონტაჟება გზის დაგების შემდეგ დაიწყეს, რის გამოც ასფალტი კიდევ ერთხელ გადათხარეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია NCC-ის წარმომადგენელი „მთავართან“ კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ფეხით გადაადგილებისას და ავტომობილით მგზავრობის დროს პრობლემა ექმნებათ და გადათხრილი გზების გამო საცობი ხშირია.
ოპოზიცია კიდევ ერთი კომპანიის მიერ სტანდარტების დარღვევით ჩატარებული სამუშაოების გამო, პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერია კომპანიებს სრულყოფილ პროექტებს არ აწვდის, ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ კი პროექტები იცვლება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება.
ახლა გამოდგება მთელი დედაქალაქის მთავრობა და იტყვის, რომ ეს გეგმაში იყო, ერთხელ რომ დავაგებთ, მეორედ გადათხრა ტრენდულიაო და წესიაო ასეთიო. ამდენი თვის განმავლობაში, რაც ეს გზა რომ გახსნეს და გვითხრეს, რომ ისარგებლეთ, ყველაფერი უკვე კარგად არის, ე.ი. ჭები არ გვქონდა? - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის მერია რომ პროექტებს საფუძვლიანად არ ადგენს, ამაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე საუბრობს.
მერიამ უნდა მისცეს ისეთი მზა და კარგი პროექტი, რომ კომპანიამ შეძლოს პირველ ხელშეკრულებაში ასახული ვადების დაცვა, - ამბობს დონაძე.
ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.