
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილსა და მეზვრიაანთკარში იმყოფებოდა, სადაც პანდემიის შემდგომი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები მოისმინა.
სხვა უამრავი ოჯახის მსგავსად, აქაც მთავარ პრობლემა მთავრობის მიერ დაპირებული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩენაა.
დავბერდი კაცი და როგორც ვატყობ, ყოველ წელს უკან-უკან მიდის ეს ცხოვრება.კარგი ვერაფერი დავინახე. სამუშაო ადგილები არ არის. მე საპენსიო ასაკს გადაცილებული ვარ და არ შეიძლება შენი მუშაობაო, გარეთ არ გამოხვიდეო და რომ არ გავიდე, სახლში ავადმყოფი მეუღლე მყავს და ჩემი უმუშევარი ბიჭი უვლის. მეც თუ კარზე არ გამოვედი, ბავშვები მშივრები იქნებიან, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ზაალ უდუმაშვილმა კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, თანამოქალაქეები შიმშლისთვის არ გაწიროს.
ძალიან მძიმეა, უსმინო იმ ადამიანურ, ტრაგიკულ ისტორიებს, რომელსაც ყოველდღიურად ვუსმენთ. ეს ხალხი, ერთი მხრივ, უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო გაჭირვებამ და პანდემიამ, მეორე მხრივ, ხელისუფლების აბსოლუტურმა უმოქმედობამ. ხელისუფლებას არც კი აინტერესებს დღეს რა დღეშია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ამ ხალხს ბრიფინგები, პრესკონფერენციები და ტრიბუნიდან საუბრები კი არ უშველის, ამ ხალხს უნდა დახმარება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სადაც ჩავდივართ, ყველას ელემენტარულად მაინც დავეხმაროთ, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი. დახმარება უნდა გაუწიოს ხელისუფლებამ მოსახლეობას, ისე როგორც გაკეთდა მთელ მსოფლიოში, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 18 წლამდე პირებისთვის 500 ლარიან, ხოლო 18 წელს მაღლა მოქალაქეებისთვის 1000 ლარიან დახმარებას გულისხმობს.