ხარაგაულის მერი ხალხის ფულს ძმას აძლევს - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა "აი, ფაქტი" დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები გამარტივებული წესით, ანუ უკონკურსოდ პირდაპირ შესყიდვებს ახლადარჩეული მერის, კობა ლურსმანაშვილის ძმას უფორმებენ.
ზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ.მეწარმემ, 2016 წლიდან დღემდე, ხარაგაულის ბიუჯეტიდან 48 000 ლარზე მეტი მიიღო. მასთან უკონკურსოდ აქვს დადებული კონტრაქტები დასუფთავების, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
თავად კობა ლურსმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეს უკანონობა არ არის და მისი ძმა არც ზედმეტი პრივილეგიით სარგებლობს, არც "ნაკლებ მდგომარეობაში იყენებს თავს".
"2016 წელს მე მერი როდის გახლდით, პარლამენტის წევრი ვიყავი. ნებისმიერი მეწარმე თანაბარი პირობებით სარგებლობს. ის ჩემი ძმა რომაა არც დამატებითი პრივილეგიები აქვს და არც სხვაზე ნაკლებ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს.
რაც შეეხება 50 ათასი ლარის ღირებულებას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე წლის განმავლობაში, მისგან შესყიდვები მოახდინეს სხვადასხვა სუბიექტებმა და არა მარტო აიპებმა, რაზეა საუბარი ვერ ვხვდები, ამაში რას ხედავთ უკანონობას", - თქვა ლურსმანაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფაქტით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ქართული ოცნების" წევრების ახლობლების კომპანიები ტენდერს უკონკურენტოდ იგებენ.