ქარელის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მორიგ სკანდალში ეხვევა - ირკვევა, რომ ზაზა გულიაშვილი ძალადობისთვისაა ნასამართლევი.
საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც ზაზა გულიაშვილმა სოფელ სასირეთში ერთი ოჯახის სამ წევრს ბარით თავი გაუტეხა, შემდეგ კი ბათუმში დაიმალა.
გულიაშვილის ანგარიშსწორების მსხპვერპლები ყვებიან, რომ სასამართლომ "ოცნების" მერობის კანდიდატი სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით გაასამართლა და პირობითი მიუსაჯა.
"მე ვიყავი, მამაჩემი და ჩემი ბიძაშვილი. მამაჩემს ჰქონდა ტვინის შერყევა, თავი ჰქონდა გატეხილი ჩემს ბიძაშვილსაც. ჯოხი იყო თუ ბარის ტარი, აღარ მახსოვს, მაშინ ისეთ იმაში ვიყავით. საქონელს ვაძოვებდით სიახლოვეს ბაღისა, ადრე ვიღაცას გაუფუჭებია და ჩვენზე გადატყდა, ეგონა, რომ ჩვენ გავუფუჭეთ. დაჭერილი კი ჰყავდათ და ქარელში სასამართლომ პირობითი მისცა", - ამბობს ზაზა გულიაშვილის მიერ ნაცემი მოქალაქე.
ქარელის მერობის კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს, საკითხზე "მთავარ არხთან" საუბარი არ სურს. ინფორმაციის გადამოწმებისას მან ჟურნალისტს უთხრა - "სხვა საქმე არ გაქვთ?".
ზაზა გულიაშვილს ქარელში "ჩლიქოსანად" იცნობენ. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასე მას საქონლის ქურდობისთვის მოიხსენიებენ.
გარდა ამისა, "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გასული მასალების მიხედვით, საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა "ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის სხვა გასაიდუმლოებული დეტალებიც, რომლის მიხედვითაც, გულიაშვილი უსაფრთხოების სამსახურს ფარულად გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას აწვდიდა.