ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ხალხი შეიკრიბა და ბევრი მათგანი მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვდა - ეს განაპირობა იმ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და მესამე პრეზიდენტი აგერ უკვე მე-17 დღეა შიმშილობას აგრძელებს და დანებებას არ აპირებს.
როდესაც მეკითხებიან - რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი: უნდა გააგრძელოს შიმშილობა, რითიც საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს, თუ უნდა შეწყვიტოს, რათა ცოცხალი გადარჩეს და განაგრძოს ბრძოლა? - მე დილემის წინაშე ვდგები პასუხის გაცემისას.
როდესაც გეუბნებიან, რომ ადამიანს სისხლის დაავადება სჭირს და შეიძლება დაიღუპოს ან სამუდამოდ დასახიჩრდეს, ასეთ ადამიანს მაინც პირდაპირ და მოჭრით მოუწოდო შიმშილობისკენ, ნიშნავს პირდაპირ და მოჭრით გაწირო სიკვდილისთვის.
მეორე მხრივ, ვერც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდებდი სააკაშვილს, იმიტომ, რომ, პირადად ჩემთვის, ეს ლაჩრობისკენ მოწოდების ტოლფასი იქნებოდა.
რომ გავიგო ერთ დღესაც, რომ "მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ", როგორი ახსნა-განმარტებაც არ უნდა მოყვეს შემდეგ ამ გადაწყვეტილებას, უკვე მნიშნველობა აღარ ექნება - ჩემს თვალში განადგურდება მისი, როგორც დღევანდელი, აქტიური პოლიტიკოსის რეპუტაცია - თორემ როგორც ისტორიული ფიგურა ის, რა თქმა უნდა, თავის ადგილზე დარჩება თავის მიღწევებით თუ შეცდომებით.
და მე არ ვიქნებოდი ერთადერთი - ძალიან ბევრ ადამიანს დაემართებოდა ასეთივე იმედგაცრუება. ანუ მაინც ისე გამოდის, რომ მე ირიბად მაინც მოვუწოდებ სააკაშვილს შიმშილობის გაგრძელებისკენ და პოტენციურად ვწირავ მას სასიკვდილოდ...
მაპატიონ მისმა ახლობლებმა, ვიცი, ეს მათთვის განსაკუთრებით მძიმეა, მაგრამ... ხო... მე, ერთ მოქალაქე გიორგი გაბუნიას მინდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეასრულოს ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ბოლომდე მიიყვანოს მის მიერვე დაწყებული პროცესი.
ჯარისკაცი როდესაც ომში მიდის, მანაც იცის, რომ შეიძლება დაიღუპოს; მაგრამ როგორ შეიძლება საკუთარი ნებით ბრძოლაში მიმავალ სამხედროს აკადრო და უთხრა - "არ წახვიდე ომში, გენაცვალე, შეიძლება მოგკლან."
და, აბა, წარმოიდგინეთ, რას იფიქრებთ თქვენ ჯარისკაცზე, რომელიც ასეთ შეგონებებს აყვება და სიკვდილის შიშით სახლში დარჩება?
პოლიტიკური პატიმრობის და შიმშილობის 17 დღე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოზიციების დათმობას არ აპირებს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ფიქრობს ხალხი - რატომ უნდა გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი? - იხილეთ ანა ასათიანის რეპორტაჟში: