ბათუმის საკრებულო უკვე ოპოზიციურია - ცესკოს შედეგებითაც კი, შესაძლო გაყალბებისა და ზეწოლის ფონზეც კი, ხელისუფლებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა შედეგები არჩევნები რომ სუფთად და პატიოსნად ჩატარებულიყო და რამდენად ანტისახელისუფლებოა რეალური განწყობა აჭარაში.
აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიორგი კირთაძე ასეთი დარწმუნებულია მეორე ტურში გამარჯვებაშიც - მანაც აჯობა პირველ ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატს, ცესკოს ოფიციალური შედეგებითაც კი აჯობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად მას კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ცესკო გვეუბნება.
გიორგი კირთაძე წლებია ბათუმის პრობლემებით არის დაკავებული - თავის დროზე ის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო, შემდეგ დეპუტატი - მოკლედ, ის ძალიან კარგად იცნობს ქალაქს, უამრავი იდეა აქვს, ძველ შეცდომებსაც ხედავს და არ რცხვენია მათზე ლაპარაკი. მოკლედ, მას ძალიან დიდი და რეალური შანსი აქვს, ბათუმის კარგი მერი გახდეს.
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ "ნაციონალური მოძრაობიდან" არის, გიორგი კირთაძე არ აპირებს თავისი გამარჯვება მხოლოდ თავის თანაპარტიელებს გაუზიაროს - საკრებულოს თავმჯდომარეობის თუ მერის მოადგილეობის კანდიდატებად მას სულ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყავს დასახელებული.
ბათუმი ძალიან ახლოს დგას კოალიციურ მმართველობასთან, რაზეც მთელი საქართველოს საღად მოაზროვნე ნაწილი ამდენი ხანია ოცნებობს. ბათუმელებზეა ახლა დამოკიდებული, იქნებიან თუ არა ისინი პირველები და გააკეთებენ იმას, რაც აქამდე სხვებმა ვერ შეძლეს.