"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ 2 ოქტომბერს და მის შემდეგ ორგანიზაციამ კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, ხოლო საოლქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა. ორგანიზაციის ცნობით, 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
TI აცხადებს, რომ მათი არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.
"საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ", - წერს TI.
TI აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლობემა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა მარნეულის იმ ორი უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, სადაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები დავაფიქსირეთ.
ასევე, ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, შეიცვალა გამარჯვებული კანდიდატი.
TI წერს, რომ 12 უბნიდან, სადაც დისბალანსის გამო მოთხოვნილი იყო ბიულეტენების გადათვლა, 3 საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვალეს; 2 უბანზე საოლქო კომისიებმა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, კიდევ 2 უბანი კი, რომელთა გადათვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო კომისიებმა მოგვიანებით, მაინც გადაითვალეს, დანარჩენ 5 უბანზე კი ბიულეტენები არ გადათვლილა. ზემოაღნიშნულ უბნებზე გადათვლის შედეგად ჯამში შემდეგნაირად შეიცვალა საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა: