ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის მშვიდობიან ცხოვრებას და კეთილდღეობას ეხებოდა - ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ეს არჩევნები გაიმართა უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებით - ამ განცხადებას "მთავარ არხთან" ექსკლუზიური ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აკეთებს.

ევროდეპუტატი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურს აკვირდებოდა ევროპარლამენტიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებთან ერთად, ამბობს, რომ არჩევნების დღე საკმაოდ რთული იყო.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, ანა ფოტიგას თქმით, უკიდურესად პოლიტიკური ხასიათის იყო პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილისთვის "სასჯელის დამატების" შესახებ:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ევროკავშირიდან შვიდი პარლამენტარი იმყოფებოდა საქართველოში, რათა ხმის მიცემის პროცესს დაკვირვებოდა. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა, მაგალითად, ბანერები, რომლებიც ჩემი პირადი აზრით ძალიან საეჭვო გემოვნებისა და ხასიათის იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ზოგიერთი ეს ბანერი უბრალოდ სიძულვილის ენად შეფასდებოდა. ეს პრობლემაა და ამის გამოსასწორებლად შიდა კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს. არჩევნების დღე საკმაოდ რთული იყო. ჩვენ დაყოფილები ვიყავით ჯგუფებად და ზოგიერთი ჩვენგანი ოდნავ რთულ რეგიონში აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს. ჩემ შემთხვევაში ეს იყო რეგიონი, რომელიც ძირითადად დასახლებულია აზერბაიჯანული წარმოშობის ხალხით და დაძაბულობა იყო აშკარად თვალშისაცემი. მე ეს დავაფიქსირე ჩემს მოხსენებაში, მაგრამ ნამდვილი დარღვევები რომ დააფიქსირო ასეთი ფართოდ გამჭვირვალე პროცედურების პირობებში, ძალიან რთული იქნებოდა. როდესაც ვამბობ, ფართოდ გამჭვირვალეს, ვგულისხმობ გადამეტებით გამჭვირვალეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ხალხი აქცენტს აკეთებდა დაკვირვების პროცედურაზე. ეს პროცესი იმდენად რთული იყო, რომ დათვლის მონიტორინგი თბილისის გარეუბნებში რთული იყო თავად საარჩევნო უბნის წარმომადგენლებისთვის. ასე რომ, ჩვენ ვიცით, ეს არჩევნები გაიმართა უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებით. 

მე დასკვნებს ვაკეთებ სხვადასხვა ფაქტების გათვალისწინებით და არა სასამართლო პროცესზე დაკვირვებით. პირველ რიგში, ის სიტყვები, რომლებიც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთანავე წარმოთქვა, იყო უკიდურესად პოლიტიკური ხასიათის.   მან ჯერ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, შემდეგ კი საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა იმ საკითხებზე, რომლებზეც სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. ეს, მე ვიტყოდი, ძალიან ნაჩქარევი ქმედება იყო. ზოგიერთი სავარაუდო დანაშაული უკვე შეფასდა, მათ შორის სტრასბურგის ტრიბუნალის მიერ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სააკაშვილის ძალიან ახლო თანამოაზრეების წინააღმდეგ, ასე რომ ეს მხოლოდ ჩვენი აზრი და შეშფოთება არ არის, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ამ დასკვნას ვაკეთებთ წინა საქმეებიდან და ბრალდებებიდან გამომდინარე." ამბობს ანა ფოტოგა.

ევროპარლამენტარი იხსენებს 2012 წლის არჩევნებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად გადააბარა არჩევნებში გამარჯვებულ ძალას:

კიდევ მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ დავამატო: მე დამკვირვებელი ვიყავი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მოვისმინე პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა, რომელიც მან ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გააკეთა. ეს იყო ძალიან მშვიდობიანი სიტყვა, რომლის წარმოთქმის საფუძველი იყო ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე. მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და ყველაფერი მიანდო კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენ მაშინ ყველამ შევაქეთ საქართველო, რადგან ის უკვე მომწიფებული დემოკრატია იყო, რადგან ხელისუფლების გადაბარება მოხდა დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების გზით. მე კარგად მახსოვს სააკაშვილის ეს დამოკიდებულება და არ მჯერა იმ მოსაზრებებისა, რომელთა მიხედვითაც მას საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის მშვიდობიან ცხოვრებას და კეთილდღეობას ეხებოდა.

მან საქართველოში დაბრუნების ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო. მე ადრეც მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არ შეცვლილა. მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. ეს არის ჩემი მოსაზრება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და მინდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ ახლაა დრო, ყველამ,განსაკუთრებით მათ, ვინც დიდი ხანია, რაც ჩართულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, რომ მოვითხოვოთ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ განთავისუფლება.

საუკეთესო ინსტრუმენტი ყოველთვის არის ხალხის ნება და ვფიქრობ, მათ აქვთ ძალა, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტონ. გარდა ამისა, უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც ხელთ გვაქვს, როგორც პარლამენტარებს. თუმცა, ეს ძალიან რთულია, რადგან იმდენი მძიმე მოვლენა ხდება მთელ მსოფლიოში, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, ევროპარლამენტის ყურადღება რომ ამ საკითხისკენ მივმართოთ.

რა თქმა უნდა ენმ-ის პოლიტიკური ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ, ვგულისხმობ, რომ epp-ში, მიუხედავად პოლიტიკური დაყოფისა, არსებობს პარლამენტარები, რომლებიც შეშფოთებას არ მალავენ - ამბობს ანა ფოტიგა

ევროდეპუტატი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსაც აფასებს და იმ აგრესიას, რომელსაც საქართველოში ბოლო დროს, ჟურნალისტების მიმართ აქვს ადგილი:

მე ვფიქრობ, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, კრიტიკა და ამ მოვლენების დაგმობა საკმაოდ ხმამაღლა ისმის. ვფიქრობ, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, არჩევნების დროს არათანაბარი სათამაშო პირობების შექმნის, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეფასება საკმაოდ მკაცრი იყო. მე ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად ავიმაღლო ხმა, როგორც ამის საშუალება მაქვს, მაგრამ სიტუაცია ახლა ასეთია. ჩვენ ეს მთელ რეგიონში გვინახავს გადატვირთვის პერიოდში და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გეოპოლიტიკური სიტუაცია.  გარკვეულწილად, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონკრეტულები, რადგან როდესაც კოლექტიური დასავლეთი მოინდომებს მოსკოვთან დიალოგში შესვლას, ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან, არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ რუსული დომინირებისგან განთავისუფლებას. 

მინდა გავამახვილო საქართველოს ხელისუფლების ყურადღება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იყო მოლდოვაში. ჩვენ მაშინ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის მაკროფინანსური დახმარება გავხადეთ პირობითი. ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს მოლდოვაში. ფაქტობრივად, მოლდოვა არის ახლა იმედის საფუძველს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები კიდევ არის. ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას საქართველოში და თუ დავინახეთ, რომ სიტუაცია მძიმეა, არ არის გამორიცხული, ინდივიდუალური სანქციებიც დავაწესოთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური - ამბობს ანა ფოტიგა "მთავარ არხთან"

ექსკლუზიური ინტერვიუ მასთან ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ ჩაწერა.

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი