
პრემიერ ღარიბაშვილისა და აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.
პრემიერმინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
ამასთან, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.