"უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს. მისი განცხადება მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემო ძვირფასებო, ალბათ ნახეთ 14 ოქტომბერს უზარმაზარი შეკრება თავისუფლების მოედანზე. 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვდა ქვეყნის, და არა მარტო, პირადად ჩემს გათავისუფლებას. შეიკრიბა სიყვარულით და დიდი შერიგების მოთხოვნით. ჩემთვის ეს შეკრება და მისი სულისკვეთება უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმს აღარანაირი სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნია საზოგადოებაში. მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის - მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის.

მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.

მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.

ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს.

მეგობრული სალმით მიხეილ სააკაშვილი, - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი