
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
DRI აღნიშნავს, რომ სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად, მღვდელმთავრები 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ.
"საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და სამლოცველოებში. არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა თანაპარტიელებთან ერთად ძირითადად ის ეკლესია-მონასტრები მოინახულა, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაცია ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. პრემიერ-მინისტრის მიერ ეკლესია-მონასტრების "მოლოცვა" ახალი ტენდენციაა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში არ დაფიქსირებულა", - წერია DRI განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ღვთისმსახურების შეცვლილი და ხისტი რიტორიკა გამოარჩევდა. DRI წერს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუფარავად განაცხადა, რომ შეუძლიათ პირდაპირ მოუწოდონ მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე.
ორგანიზაცია წერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.
"ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც რამდენიმე ფორმაში გამოიხატება: