"ჰიბრიდული ომი" - "ქართუ" რუსულ პროპაგანდას აფინანსებს

გამოქვეყნდა:

საქართველო, უკრაინა და სირია ის ქვეყნებია, სადაც პირველად დაიტესტა რუსი გენერლის, ვალერი გერასიმოვის ე.წ „ჰიბრიდული ომის“ იდეა, რომელიც დღეს უკვე „გერასიმოვის დოქტრინის“ სახელით არის ცნობილი.

ახლა უკვე, რუსეთი მას მასების კონტროლისთვის იყენებს ყველგან, სადაც მისი საცეცები მისწვდება, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სახელმწიფოში, სადაც დღემდე გრძელდება დავა იმაზე, ჩაერია თუ არა რუსეთის დაზვერვა 2016 წლის არჩევნებში.

რუსეთის უშიშროებაში შეთანხმდნენ, რომ ხშირად დეზინფორმაციას იმაზე უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ, რუსეთმა სიცრუე სამხედრო იარაღად აქცია, რომელიც შეუმჩნევლად იპყრობს და კლავს.

ამის ფონზე კი რუსული ინვესტიციები საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. რუსული კომპანიების ფილიალებმა 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 139 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღეს.   

საპატრიარქოს პოზიცია ჯერ ცარისტული რუსეთის, შემდგომ კი საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული ადამიანების, გაუქმებული ავტოკეფალიისა და დაკარგული სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფაა. მარტივად რომ ვთქვათ, საპატრიარქოს მიდგომა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავათბოთ - ანტიისტორიულია. ამ გამიზნულად მცდარ და მავნებლურ წარმოდგენაზე შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატიც, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია გარდა ერთისა - უფრო ცხადი გახადა „ქართული ოცნების“ პრორუსული ზრახვები, რომელშიც ეჭვი დღეს უკვე აღარავის ეპარება.

კოლექტიური ისტორიული მეხსიერების გაქრობა სწორედ რუსული სადეზინფორმაციო პლატფორმების საქმეა. მიუხედავად 187 წლიანი ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ რუსეთი მართლმორწმუნე მოძმე ერია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული შავი ფულით დაფინანსებული მედიები მეტნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ასეთ მედიებს საქართველოში აერთიანებს ფონდი „რუსული სამყარო“, რომელიც 2007 წელს უშუალოდ პუტინის დაკვეთით შეიქმნა.  

ამ ფონდის ქვეშ ფუნქციონირებს მედია-პლატფორმა „პატრიოტიც“, რომლის ამერიკელი რედაქტორიც, ჯეფრი სილვერმანი, რუსეთის უშიშროებასთან თანამშრომლობს. სწორედ მან გააჟღერა პირველად დეზინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის მიერ შექმნილ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, რომელსაც მალევე მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების გამოხმაურება.

ასეთია იმ ბეჭდური თუ სატელევიზიო გამოცემების მოკლე სია, რომელსაც ფონდი „რუსული სამყარო“ აფინანსებს:

  • "სპუტნიკ საქართველო";
  • "ასავალ-დასავალი";
  • "ტვ ობიექტივი";
  • "საქართველო და მსოფლიო";
  • "საქინფო".

სწორედ ეს პრორუსული ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობს. მსგავსი დეზინფორმაციების სათავე ყოველთვის რუსული მედიაა, რომელიც უკვე წლებია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ორგანიზაცია „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუა.

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ქართუ“ გაერთიანება „რუსულ კლუბს“ აფინანსებს ახალი არ არის. ორგანიზაციის ვებგვერდზე „ქართუ“ მითითებულია, როგორც ფონდი „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი.

მმართველ პარტიას არანაირი პოლიტიკა არ აქვს რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. მაშინ, როდესაც ამერიკასა და ევროპაში ყოველთვიურად ეფესბეს ათობით ჯაშუშს ააშკარავებენ, ჩვენთან, 2012 წლიდან დღემდე, ლუსტრაციის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ის ჯაშუშებიც კი გაათავისუფლეს პოლიტპატიმრის სტატუსით, ვინც წინა ხელისუფლების დროს დააკავეს.  

არავინ იძიებს რუსული შავი ფულის შემოდინების საქმესაც. მიზეზი ნათელია: გიჟი უნდა იყო, დაიწყო იმ დანაშაულის გამოძიება, რომლის კვალიც საკუთარ თავამდე მიგიყვანს.   

 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი