
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ყოველდღიურად მძიმდება.
განცხადება ეკა ხერხეულიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად ყოველდღიურად ძლიერდება და მას 30 ოქტომბრის დიდი მოლოდინი აქვს.
"მდგომარეობა კრიტიკულია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი, არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება.
აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოვუწოდებ შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის,უკვე მე-19 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში ჩამოვიდა.