წინასაარჩევნოდ ​ბერშუეთში მოსახლეობას წყალზე შეღავათები დაუწესეს, 2 ოქტომბრის შემდეგ კი დაუკეტეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო აფიორა - ხელისუფლებამ ხალხი ისევ მოატყუა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში, არჩევნებამდე სამი თვით ადრე სასმელ წყალზე ჯერ საგადახადო შეღავათი დააწესეს, 2 ოქტომბრის შემდეგ კი ხალხს წყალი დაუკეტეს. მიზეზად დაგროვებულ კოლოსალური დავალიანებას ასახელებენ.

ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდებოდათ და ყოველთვიურად წყლის მოსაკრებელს აღარ ახდევინებდნენ, მას შემდეგ კი, რაც "ქართულმა ოცნებამ" გორის მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, ადგილობრივებს უთხრეს, რომ წყალი იქამდე არ ექნებათ, ვიდრე გადასახადს არ გადაიხდიან. საუბარია თითო ოჯახზე 150-200 ლარამდე თანხაზე.

"არჩევნებამდე სამი თვე არავინ მოვიდა, მოსაკრებელი არავინ აკრიფა. ხომ ჩანს თავისთავად, რომ მოსყიდვა იყო, სამი თვე უფასოდ იყო. დამთავრდა არჩევნები და დაგვსაჯეს, წყალი აღარაა. პანდემიაა, ჰიგიენაა საჭირო, ბავშვს ნორმალურად ხელს ვერ ვბანთ", - ამბობს ადგილობრივი.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პასუხისმგებლობას იხსნის. როგოც ის ამბობს, წყალი მოსახლეობას იქამდე არ ექნება, ვიდრე დავალიანებას არ დაფარავენ.

"მე რა ვქნა? არ იხდიან და წყალმომარაგების კომპანიამ გაუჩერა. ფული გადაიხადონ მოხმარებული ელექტროენერგიის, მანდ წყლის ფულს არ იხდიან და ჩაურთავენ. წყალს რომ ხმარობენ, არ უნდა გადაიხადონ ელექტროენერგიის თანხა? იმათ როგორც აწყობთ ისე ლაპარაკობენ", - თქვა თავზარაშვილმა.

უწყლობის გამო სოფელ ბერშუეთში პარალიზებულია საბავშო ბაღის მუშაობაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ უახლოეს დღეებში წყალი არ აღუდგებათ, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი