ხმაური სასტუმრო რედისონთან - სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტები „სასტუმრო რედისონთან“ სწორედ ამ მოთხოვნებით შეიკრიბნენ. სასტუმროში „ქართული ოცნების“ ლიდერები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან. აქტივისტები ამბობენ, რომ არც კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს პრეზენტაციის გამართვის უფლება და არც „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა მონაწილეობდნენ ამ ფარსში. აქტივისტები ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენისა და ტრამპის თანაპარტიელის გავრცელებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს და შესაძლოა საბოლოოდ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს.
„ეს კომიტეტი არაფერს აკეთებდა, როცა ბავშვებს თვალებს თხრიდნენ, მაშინ როცა აქციებს შლიდნენ, შესაბამისად მათ არაფრის წარდგენის უფლება არ გააჩნიათ, ივანიშვილს აუცილებლად უნდა დაუწესდეს სანქციები,“-აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
მათი თქმით, ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლიან.
„ვითხოვთ სანქციებს, ივანიშვილის თალაკვაძისა და გახარიას წინააღმდეგ, როგორც ეს დაწესდა ოლიგარქ პლახატნიუკზე ზუსტად იმავე მიზეზების გამო, ივანიშვილი აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება და ცდილობს შავი ფულის გათეთრებას საქართველოში ცდილობს ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება“-აცხადებენ აქტივისტები.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებას, არჩილ თალაკვაძე თავად აპირებს აშშ-ში ჩასვლასა და განმარტებების გაკეთებას. შეხვდება თუ არა თალაკვაძე იმ კონგრესმენებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებულად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.
„კონკრეტული კონგრესმენის განცხადება უკავშირდება კომპანია "ფრონტერასთან" დავას, იცით რომ საქართველოს ამ კომპანიასთან აქვს მიმდინარე დავა. ჩვენთვის აქ სახელმძღვანელო არიას ოფიციალური ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციები,რაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ როგორც ელჩის, ასევე სახდეპის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის ,რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი. ვგეგმავთ, მაღალი დონის ვიზიტი აშშ-ში და განვიხილავთ ყველა საკითხს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სანქციების შესახებ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკა მხოლოდ კომპანია „ფრონტერას“ დავას უკავშირდება.