ოკუპანტები ახალი ტერიტორიის მითვისებას აპირებენ - "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" პატრულირებისას აღმოჩენილ ნიშნულებს ასაჯაროებს
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრები, რომლებიც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ, აცხადებენ, რომ უახლოეს ხანში ათეულობით ჰექტარი ტყე ოკუპანტების კონტროლირებადი გახდება. დამადასტურებელ ფოტო მასალას მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ გაასაჯაროა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს გაავლებენ. ქაცარავას ინფორმაციით, ადგილობრივები ამ ტერიტორიაზე უკვე ვეღარ გადაადგილდებიან. საღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის მიმანიშნებელი წარწერაც გააკეთეს.
"ჩორჩანას ტყეში აღმოვაჩინეთ ახალი ნიშნულები,რომელიც ნიშნავს,რომ ოკუპაცია გრძელდება. ეს ნიშნულები შემოჭრილია ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და უხეში დათვლით საუბარია 50-დამ 70 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, რომელიც არასდროს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.ეს არის ნიშანი რომ ხელისუფლება აშკარა კოლაბორაციაშია რუსეთთან. ამის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა არსად და შემთხვევით რომ არ აღმოგვეჩინა პატრულირებისას ალბათ ვერც გავიგებდით,"-აცხადებს დავით ქაცარავა.