მთავრობა "ტრანსელექტრიკასთან" კონტრაქტს წყვეტს - ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს

გამოქვეყნდა:

უკვე ნახევარი საუკუნეა დატბორვის ეს სცენარი ზემო სვანეთში ხაიშის თემის სოფლების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული უძველესი სოფლების გადარჩენისთვის უამრავი ადამიანი იბრძვის და გიგანტური ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

ირკვევა, რომ ამ ყველა დროის უმნიშნელოვანესი და მტკივნეული პროექტის შესახებ მთავრობამ ისე მიიღო ინვესტორთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში, რომელიც ასეთი საკითხების ზედამხედველია, დეპუტატებმა არაფერი იციან.

პარლამენტარები ალბათ კიდევ დიდხანს ვერაფერს გაიგებდნენ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აიფაქტს" კონტრაქტის გასაწყვეტად დაქირავებული უცხოური კომპანიის შესახებ, ეს მცირე ცნობა რომ არ გამოექვეყნებინა.

ამერიკულ-ბრიტანულ კომპანია "ჰოგან ლოველსის" მომსახურებას ეკონომიკის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვით 118 ათას ევროდ ყიდულობს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია."ჰოგან ლოველსი" მთავრობას ხუდონჰესის მშენებელ ტრანსელექტრიკასთან კონტრაქტის გაწყვეტაში დაეხმარება. ეს ამბავი ხაიშელებმა უკვე გაიგეს.

პარლამენტარებმა კი, რომლებსაც ასეთი მნიშნელოვანი საკითხების ზედამხედველობა ევალებათ, არაფერი იციან, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის წევრებმა. იმის შესახებ, რაც ხაიშელებს ნახევარი საუკუნეა დატბორვისა და სვანეთის კლიმატის შეცვლის შიშში აცხოვრებს კომიტეტის დღევანდელმა თავმჯდომარემაც კი არაფერი იცის.

წინა ხელისუფლების მიერ მოძებნილ ინვესტორს "ტრანსელექტრიკას" ხაიშელები შვიდ წელზე მეტია მტრად მიიჩნევენ. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ პირადად დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სანერვიულო აღარაფერი ექნებოდათ.

ერთ წელიწადში, გაპრემიერებულმა ბიძინა ივანიშვილმა ხაიშელებისთვის სანერვიულო გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა და თქვა, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს. არც ინვესტორი შეცვლილა, არც პროექტი. მოსალოდნელ საფრთხესთან თანაცხოვრებით წლები გავიდა. მოსახლეობა სულ ფხიზლადაა და ხელისუფლების განცხადებებს და მცდელობებს ერთსულოვანი წინააღმდეგობით ხვდება. 

2015 წელს მათ ფიცი დადეს, რომ ჰესს არავის ააშენებინებდნენ. მოსახლეობა წინააღმდეგია იმიტომ, რომ აქ მათი სახლ-კარი, სალოცავი, და წინაპართა საფლავებია.

იმ ვითარებაში, როდესაც ეს საკითხი ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს პანდემიის დროს, გაუხმაურებლად იღებს. დოკუმენტებში არც ის ჩანს, რატომ წყვეტს მთავრობა ინვეტორთან კონტრაქტს იმიტომ, რომ კომპანია ამდენი წელი უმოქმედოდ იყო, თუ იმიტომ, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო მთავრობამ ჰესის აშენებაზე ხელი ჩაიქნია და იურიდიულ კომპანიასაც იმიტომ ქირაობს, რომ ინვესტორის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებულ დავას ელოდება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში.

თავად "ტრანსელექტრიკას" დირექტორმა პაატა წერეთლმა გვითხრა, რომ კონტრაქტი ჯერ არ გაწყვეტილა და თუ საქმე აქამდე მივა, ლონდონში დავასაც არ გამორიცხავს.

რატომ უნდა მორიდებოდა ხელისუფლებას იმის საჯაროდ თქმა, რომ ჰესს ინვესტორი აღარ ააშენებს. სვანეთში მასობრივ გამოსვლებს ეს ინფორმაცია ნამდვილად არ გამოიწვევდა. ჩნდება კითხვა, ხელისუფლება ერთი კომპანიის მეორით ჩანაცვლებას ხომ არ აპირებს.

სატენდერო კომისიის წევრმა, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე ყაზარაშილმა თავიდან "მთავარ არხს" დაუმალა, რომ მთავრობა "ტრანსელექტრიკასთან" ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებს. მაგრამ როდესაც ვუთხარით, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტი გვქონდა, დაგვიდასტურა მაგრამ მეტი აღარაფერი თქვა.

ბოლოს, პასუხი კითხვაზე, რას აპირებს მთავრობა ხუდონთან დაკავშრებით, პარლანენტში ანტიკრიზისული გეგმის მოსმენაზე მისულმა ეკონომიკის მინისტრმა გაგვცა - ხუდონის პროექტს სახელმწიფო გადაიბარებს.

სულ ეს იყო, რაც მთავრობამ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხის შესახებ მოსახლეობისა და განსაკუთრებით, ხაიშელების ინფორმირებისთვის გაიმეტა. 

როგორ და რა თანხებით ააშენებს მილიარდნახევარ დოლარად შეფასებულ პროექტს, შეცვლის თუ არა ხუდონჰესის პროექტს, ვინ გააკეთებს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და და გარემოზე ზემოქმედების ახალ ანალიზს, კონკრეტულად რამხელა ტერიტორია, დაიტბორება და აშ.

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი ხაიშელებისთვის, რომელიც წინა მთავრობის დროს დაიწყო, როცა ინვესტორ კომპანიას "ტრანსელექტრიკას" ხელისუფლებამ ერთ დოლარად წალენჯიხისა და ხაიშის მიწები 1400 ჰექტარი ერთ დოლარად გადასცა. "ტრანსელექტრიკას" საკუთრება გახდა ხაიშელების სკოლაც, ბაღიც, პოლიციაც, სტადიონიც და კერძო სახლები და ნაკვეთები, რომლებიც ხაიშლეებს საჯარო რეესტრში გატარებული ჯერ არ ჰქონდათ.

მოსახლეობას მიწები იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ჰესი აღარ აშენდება, მაგრამ, ეკონომიკის მინისტრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება და მას სახელმწიფო ააშენებს.

დღეს ინფორმაციული ვაკუუმია, გააგრძელდება თუ არა ხუდონჰესის საწინააღმდეგო მოძრაობა იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იტყვის მთავრობა, ახალ ჰესს ვის ააშენებინებს და ეს ჰესი როგორი სიმძლავრის იქნება, დიდი, შვიდას მეგავატიანი, რომელიც ბევრი ენერგეტიკოსისა და პოლიტიკოსის მტკიცებით ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან სჭირდება, თუ შედარებით პატარა. ხაიშელებს სჭირდებათ იცოდნენ, შეეხება თუ არა ის მათ წარსულს, მომავალსა და სათუთ გრძნობებს.

 

ავტორი: ლაშა კვესელავა

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი