როდის და სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს | რუსთავის ციხეში ექიმების მორიგი კონსილიუმი გაიმართება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 23-ე დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმების კიდევ ერთი კონსილიუმი გაიმართება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

ექიმები კიდევ ერთხელ გაეცნობიან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას და მის ჰოსპიტალიზაციაზე იმსჯელებენ, თუმცა სად გადაიყვანენ, ჯერ ისევ უცნობია.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს და მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, თუმცა მისივე თქმით, მათთვის მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსება კატეგორიულად მიუღებელია.

"მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე აძლევს მათ შორის ფიზიკურ ძალას, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობის დაწყებიდან 22 დღის შემდეგ, მაჩვენებლები მის ანალიზებში არის გაუარესებული, თითქმის ყველა პარამეტრი და ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა. თუმცა, ამაზე ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, თქვეს, რომ გადაიყვანენ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ სამედიცინო ნაწილში, რაც მიუღებელია. ადამიანის, რომელმაც კრიმინალი დაამარცხა, ხელისუფლების მიერ წაქეზებულ და ორგანიზებულ კრიმინალებთან მოთავსება არის მიუღებელი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 23-ე დღეა, შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი