
მზე კი დაჰნათის, მაგრამ რეალურად, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის თავზე ცა მუქი შავი ღრუბლებით არის დაფარული და ძალიან მოქუფრულია. ამის მიზეზი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის საკვირაო ქადაგებაა. მეუფე გიორგიმ, გაეპისკოპოსებიდან მხოლოდ მეშვიდე წლის თავზე აღმოაჩინა, რომ მისი ეპარქიის ცენტრალური ქალაქის შუაგულში კომუნისტური პარტიის წევრის ნარიმან ნარიმანოვის უზარმაზარი ბიუსტი დგას.
როგორც აღმოჩნდა, მეუფე გიორგი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ნარიმანოვის ძეგლი, რომელიც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული და ნადგურდებოდა, ქალაქის მერმა ზაურ დარგალმა შეარემონტა და შავი მარმარილოს ფილებით შეამკო. მეუფემ მერს ულტიმატუმი წაუყენა და წამზომი ჩაურთო.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლი ეპისკოპოსის ეს ულტიმატუმი ადგილობრივებმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა, მათ ნაციონალურ გრძნობებზე გალაშქრებად აღიქვეს, რადგან მათთვის ნარიმან ნარიმანოვის პიროვნება პატივსაცემი არა მისი საეჭვო პოლიტიკური საქმიანობისა თუ კომუნისტური წარსულის, არამედ სულ სხვა რამის გამოა.
აკიფ გასანოვი ის ერთადერთი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცია, რომელსაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. ის თვლის, რომ ამ ქვეყნის პატრიოტია და ბრაზობს საკუთარი ქალაქის მერზე, რომელიც მისი, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის შელახულ ღირსებასა და ინტერესებს არ იცავს.
ზაურ დარგალთან ინტერვიუს ჩაწერა "პოსტ ფაქტუმმაც" სცადა, თუმცა მარნეულის მერმა სირაქლემას პოზაში დარჩენა ამჯობინა. მისი ოპონენტი მეუფე გიორგი კი გვიმტკიცებს, რომ ამბიონიდან გაჟღერებული მოთხოვნაცა და ულტიმატუმიც, ნაციონალური შუღლის გაღვივებას კი არ ისახავდა მიზნად, როგორც ეს მისმა ოპონენტებმა წარმოაჩინეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობის დაცვისკენ იყო მიმართული.
ქალაქის ცენტრალური სკვერიდან კომუნისტის ფუნქციონერის ძეგლის აღების აუცილებლობაზე საუბრისას მეუფე გიორგი 2011 წლის 31 მაისს მიღებულ კანონს ეყრდნობა, რომელიც "თავისუფლების ქარტიის" სახელით არის ცნობილი.
კითხვა ლეგიტიმურია და მასზე საქართველოს კანონმდებლობამ პასუხი ცხრა წლის წინ, თუმცა ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ მხოლოდ ფურცელზე გასცა.
მთავრობას ასეთი კომისია ჯერჯერობით არ შეუქმნია, შესაბამისად საქართველოს ქალაქები და სოფლები მოფენილია კომუნისტური და ტოტალიტარული იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკებით, ბარელიეფები, წარწერებითა თუ ძეგლებით.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამ შეფასებაში ნამდვილად არ ცდება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნას მაშინ, როცა ქართველი კომუნისტების ძეგლები ხელუხლებელია, სწორედ მათ ეთნოსზე გალაშქრების მცდელობად აღიქვამენ.
კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მიაჩნიათ, რომ ნარიმანოვის კომუნისტობა არაფერ შუაშია, ამ პიროვნების მიმართ საქართველოს მთავრობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი ოქტაი ქაზიმოვი მეუფე გიორგის ულტიმატუმის მიღმა, მის ფარულ წყენას ხედავს, რომელთანაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება-არაღების საკითხს კავშირი არ აქვს.
ამ შინაარსის სარჩელის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იყო, რომელიც წლებია საქართველოს ამ რეგიონში ეთნიკური უმცირესობის წინაშე მდგარ პრობლემებს იკვლევს.
კულტურული დომინაციის თვალსაჩინო მაგალითების გარდა, ამ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, ყველა სხვა რეგიონშიც უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელზეც სახელმწიფო უბრალოდ არ რეაგირებს.
მეუფის მიერ ამბიონიდან გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაცია “სალამის” წევრებს ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის არსებული ძალიან ღრმა და ფუნდამენტური პრობლემების სიმპტიმურ გამოვლინებად მიაჩნიათ.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მიერ, ქალაქის მერის წინააღმდეგ ღიად გალაშქრებას, მარნეულში არსებულ გავლენიან კლანებს შორის დაპირისპიურებას უკვაშირებენ პოლიტიკოსები.
მარნეულში წარმოქმნილი ფეთქებადსაშიში ვითარების განსამუხტად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გუშინ განცხადებაც გააკეთა და საზოგადოებას ეთნიკური შუღლის გაღვივების ფაქტზე გამოძიების დაწყებაც აუწყა, თუმცა ვის მიმართ ამ დრომდე გაურკვეველია.