იუსტიციის მინისტრი და თამარ გაბუნია საგანგებოდ ჩაწერილ ვიდეოში ამტკიცებენ, რომ "გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა გამართულია"

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად გამართულია პაციენტის მისაღებად. იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გლდანის ციხეში სიტუაციის სანახავად დღეს იმყოფებოდნენ.

როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულიად გამართულია იმისთვის, რომ პაციენტი მიიღოს, საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა, - თქვა რატი ბრეგაძემ.

განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამაც. იუსტიციის მინისტრის მსგავსად ისიც ამტკიცებს, რომ საავადმყოფო ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება.

"კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისთვის, რომ მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მიმართულებით. ეს რეანიმაციული განყოფილებაა, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული. აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი, კარდიომონიტორი, ინფუზიის აპარატი.

ამდენად, აქ ყველა ტექნოლოგიური პირობაა, რომ ინტენსიური თერაპია და პაციენტზე დაკვირვება უსაფრთხოდ განხორციელდეს. ასევე პერსონალი, რომელიც მობილიზებულია ამ განყოფილებაში, არის ძალიან გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის, ამდენად ვფიქრობთ, რომ ხარისხი სრულიად შესაფერისია ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტით",-თქვა თამარ გაბუნიამ.

განსხვავებული განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მან N18 დაწესებულების ხარისხი დღეს შეამოწმა. ნინო ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი