საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით მიმართავს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.
ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. პარტიის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სიკვდილის ტოლფასია.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა. 2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს, სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.
იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. საქართველოს ხელისუფლების სახელით, დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.
აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.
საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. აქვე მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიების, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.
მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და კიდევ ერთი, უმძიმესი შედეგები მოყვება, როგორც პოლიტიკურ ასევე ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.