"მოვითხოვთ ციხეში შესვლას და შესაძლოა, გარკვეული ტიპის გამოკვლევების ჩატარებაც მოვითხოვოთ... ხელისუფლების სიჯიუტე ადეკვატური არ არის" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების შეთავაზებას შეიქმნას ალტერნატიული კონსილიუმი და მას უხელმძღვანელოს ცენტრმა ემპათიამ, ცენტრის პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი.
როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, ამ ტიპის მიმართვის საფუძველზე, მზად არის, ჩაატაროს ექსპერტიზა და შეაფასოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმით, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე.
"ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას.
რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ხელისუფლების სიჯიუტეს ეს არ არის ადეკვატური ქმედება, როდესაც ადამიანი სიცოცხლეზეა საუბარი, მაგრამ ვეცდებით, დაირღვეს ეს წრე. ჩვენ დავდებთ დასკვნას და შემდგომში ეს იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი გადაუდებელი ზომის 39-ე წესის გამოყენებით მიმართავს ადვოკატები ევროპულ სასამართლოს.
ის, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან უარს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, მულტიპროფილურ კლინიკაში, რისი რეკომენდაციაც გასცა კონსილიუმმა, რომელიც თავად შექმნეს, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე.
მითუმეტეს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს არანაირი ალტერნატიული დოკუმენტი არ უჭირავს, რომელიც ამბობს, რომ ციხის საავადმყოფს აქვს რესურსი, მართოს ამდაგვარი პაციენტი.",- ამბობს ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 26 დღეა შიმშილობს.
იხილეთ ასევე: