
შვიდთვიანი პაუზის შემდეგ სინოდი შესაძლოა უახლოეს დღეებში შეიკრიბოს. სანდო წყარო საპატრიარქოდან "მთავარს" უყვება, რომ ოქტომბრის ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ მღვდელმთავრების განხილვის თემა ბოდბელი ეპისკოპოსის ბოლოდროინდელი განცხადებები და საჯარო აქტიურობა იქნება. უმაღლესი იერარქები მეუფე იაკობს გააფრთხილებას მისცემენ.
თეოლოგები ფიქრობენ, რომ საპატრიარქოს მიზანია წინასაარჩევნოდ მეუფე იაკობი პასიურ მდგომარეობაში გადაიყვანოს. არ არის გამორიცხული, სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მიერ დაანონსებულ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობის სტატუსის ჩამორთმევასა და მღვდელმონაზონი ანდრია სარიას დასჯის საკითხზეც იმსჯელონ.
ყველას ახსოვს მისი 2019 წლის ოქტომბრის ხმაურიანი ჯერ განცხადებები, შემდეგ სინოდის მიმდინარეობა. ყველამ კარგად ნახა, თუ როგორ ჩიხში შევიდა და საპატრიარქოსა და მთავრობის ურთიერთობა მისი განცხადებების გამო, რის შედეგადაც მან პირველი გაფრთხილება მიიღო და ამის გამო, საპატრიარქოში თვლიან, რომ ის არის არაპროგნოზირებადი ადამიანი და შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს არჩევნების წინ საპატრიარქოსა და მთავრობის შორის ურთიერთობა. სავარუდოა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს შეეხონ, იმიტომ, რომ მათ ეს არ აწყობთ და ამიტომ სხვა თემებით ჩაანაცვლებენ, - ამბობს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.
ყოფილი მღვდელმსახური, მამა ანდრია სარია ფიქრობს, რომ დასჯით საკითხი ვერ მოგვარდება და საზოგადოებას დასჯაზე მეტად, კითხვებზე პასუხის გაცემა აინტერესებს.
რაც არსებობს ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ. ამ ქმედებებით არათუ გაქრება, არამედ უფრო მეტად გამძაფრდება ის კითხვები და უფრო მწვავე გახდება მოსახლეობის რეაქცია. როგორადაც არ უნდა შეფუთონ, აშკარაა, რომ ხალხს სჭირდება პასუხები და არა დასჯები, ანუ დასჯა არ არის გამოსავალი, - აცხადებს მამა ანდრია სარია.